ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში
ცვლილებები შევიდა. კანონი უფრო გამკაცრდა. აღნიშნულ ცვლილებებს ქუთაისში “ქალთა კლუბის” წევრები გაეცნენ. ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “უფლებებისა და განათლებისთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ადვოკატმა ქეთევან სვანიძემ ისაუბრა.
“შევხვდით “ქალთა კლუბის” წარმომადგნელებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. გავაცანით ის საკანონმდებლო სიახლეები,რომლებიც უკვე ჩვენს ქვეყანაში დაინერგა. კანონში შევიდა ცვლილებები. ქალთა მიმართა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები დამკვიდრდა. ცვლილება შევიდა ზოგადი , უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, ადვოკატთა შესახებ კანონში, საჯარო სამსახურის შესახებ და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს დაევალათ შესაბამისი ორგანოები ჩააყენონ საქმის კურსში ქალთა და ოჯახში ძალადობის შესახებ როდესაც ექნებათ ცნობები. მაგალითად, სკოლაში მასწავლებელი, რომელიც შეამჩნევს ბავშვი ან მისი კოლეგა არის ძალადობის მსხვერპლი, ვალდებულია აცნობოს სკოლის დირექტორის მიერ დანიშნულ შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომ შემდეგ მოხდეს რეაგირება. იგივეა უმაღლეს სასწავლებლებშიც”, – განაცხადა ქეთევან სვანიძემ.
ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებული “ქალთა კლუბი” ყოველ თვეში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს. ქალთა და ოჯახში ძალადობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიება “ქალთა კლუბის” ახალი თავმჯდომარის , ქეთევან ბერძენიშვილის ინიციატივით გაიმართა.
ქუთაისში, როგორც ცნობილია, კანონის აღსრულება და სკოლებში უფლებამოსილი პირების დანიშვნა დაწყებულია, ამის შესახებ უფრო ვრცლად რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.