“ახალგაზრდული ცენტრისა” და მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლების მოსწავლეებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნაგვის ურნები მოხატეს.
აქციის-“გავასუფთაოთ და გავაფერადოთ ქუთაისის” მონაწილეებმა საზოგადოებას ქალაქის დასუფთავებისა და დაცვისაკენ მოუწოდეს.
“გვინდა, რაც შეიძლება ცოცხალი ფერები შემოვიტანოთ ქალაქში. ამ მიზნის განხორციელებაში ფონდი “ორბელიანი საქართველო” და ქუთაისის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები გვეხმარება,”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
“ახალგაზრდული ცენტრის” სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელის ნატალია მიქავას განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობის მთავარ მიზანს გარემოს დაცვა და ბავშვების ნამუშევრებით ქალაქის გალამაზება წარმოადგენს.
მოსწავლეები ამბობენ, რომ ნაგვის ურნებზე დასატანი ნახატები საკუთარი სურვილით შეარჩიეს.
,,ნაგვის ურნაზე ყვავილების დახატვა გადავწყვიტე, რადგან ვთვლი, რომ აქციის თემატიკას შეესაბამება,”-განაცხადა აქციის მონაწილე ქეთი ინასარიძემ.
ღონისძიების ფარგლებში 15 ნაგვის ურნა მოიხატება და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დაიდგმება.