აზიური ფაროსანა წყალტუბოს რაიონში სოფელ ფარცხანაყანევშიც გავრცელდა.
სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აზიური ფაროსანა მოსახლეობის სახლებს შეესია. მავნებელთან გამკლავება მათ საკუთარი ძალებით უკვე უჭირთ.
“გაანადგურა წელს თუ რამე იყო ხილი, თხილი და ბოსტნეული. რაც შედარებით აცივდა ყველა ეს მწერი სახლებში შემოვიდა. ვხოცავთ როგორც შეგვიძლია, მაგრამ მოკლების ნაცვლად უფრო და უფრო იმატებს კედლები და ფანჯრები მწერებით დაფარულია,”-აცხადებს სოფელ ფარცხანაყანევის მკვიდრი.
წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი რადიო “ძველ ქალაქთან” აცხადებს, რომ ეს პრობლემა უკვე მათთვის კარგად ნაცნობია და აზიურ ფაროსანთან ბრძოლას უკვე სახელმწიფოსთან ერთად წყალტუბოს რაიონშიც აქტიურად იწყებენ.
“ცენტრალური ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა გამოიყო და ახლა უკვე დაიწყება მოსახლეობისთვის შესაწამლი საშუალებების დარიგება, მათ შორის ფარცხანაყანევშიც, გეგუთშიც და ზოგადად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, აბსოლიტურად ყველას დაურიგდება უფასოდ შესაწამლი საშუალებები. აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია შტაბი, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს თვითონ ამ შტაბის წევრი მე ვარ და ვპირდები მოსახლეობას რომ იქ სადაც დიდი ფართობია მძიმე ტექნიკას შევიყვანთ და ისე შევწამლავთ, არცერთი ხე და ბუჩქი არ დარჩება შეუწამლავი და სამუშაოები ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე დაწყებულია,”- განაცხადა კონსტანტინე მამისეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს გადასცემს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, 100 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია საავიაციო ტექნიკაც.