5 ოქტომბერს, 19:30 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის
პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურება “სიცოცხლის ფესტივალი”, რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტზე შესრულდება მორის რაველის უკვდავი შედევრი “ბოლერო” და სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3.
კონცერტი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ბილეთების შეძენა 28 სექტემბრიდან შესაძლებელია როგორც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ასევე ელექტრონულად TKT.ge -ზე.
ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩათულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში.
2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი”” სრულად მიეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალმა სტარტი მესტიაში, პირველ სექტემბერს აიღო და 5 ოქტომბერს საზეიმოდ ქალაქ ქუთაისში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება. ორკესტრთან ერთად ქუთაისელი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე წარსდგება. ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, რომელიც “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” აქტიური მხარდამჭერია.
“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი” ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდწლიანმა გამოცდილებამ აშკარა გახადა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის აუცილებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ ბავშვებს.
ფონდის მიზანია კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 50 ბავშვს ესმება ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე დიაგნოზი, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 300 ბავშვს ესაჭიროება მრავალჯერადი დახმარება.
2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბერი ანდრიას ფონდს, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადასცა 20 წლით, სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად.
ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.