ბაღდათის მუნიციპალიტეტის
ტყეებში რადიომ “ძველი ქალაქი” გამხმარი ხეები დააფიქსირა. ნაძვებს მღიერები, ხავსების მსგავსი აქვს მოდებული. ზოგი უკვე გამხმარია, ზოგიც ხმობის პროცესში. რადიო “ძველი ქალაქი” ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუკავშირდა, რათა გაერკვია ემუქრება თუ რა საფრთხე მწვანე საფარს. ეროვნული სატყეო სააგნეტოდან მოგვწერეს, რომ მღიერები საშიში არაა და ის ჰაერის სისუფთავის ინდიკატორია. გთავაზობთ პასუხს უცვლელად.
“გასულ წელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა იმერეთის სატყეო სამსახურის ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის საირმის სატყეოს ტერიტორიაზე არსებული ნაძვნარი კორომების დათვალიერება მავნებეკლ-დაავადების გამოვლენის კუთხით. ფართობის ადგილზე კვლევისას სპეციალისტების მიერ ვერ იქნა ისეთი მავნებელ-დაავადების გამოვლენა, რომელიც წარმოადგენს რაიმე საშიშროებას კორომისთვის. ხოლო რაც შეეხება ცალკეულ ზეხმელ ხეებს ისინი დასაშვები რაოდენობითაა კორომში, ნაძვის ტოტებზე კი ჩამოკიდებული ხავსის მსგავსი მცენარეები, რომლის გამოც მოსახლეობის მიერ გამოთქმული იყო გარკვეული შეშფოთება, მიეკუთვნებიან მღიერების ჯგუფს, რომლებიც სახლდებიან როგორც ჯანსაღ ისე დასუსტებული ხეების ტოტებზე, ისინი არ მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებენ ხეებს, უფრო მეტიც, წარმოადგენენ ჰაერის ინდიკატორებს სიჯანსაღის დადგენის კუთხით. შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები არ დაგეგმილა”,- წერია რადიო “ძველი ქალაქისათვის” გამოგზავნილ წერილში.
ფოტოები გადაღებულია ბაღდათი-ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდე.