27 ივნისს, ქუთაისის მერიაში
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც გაუძღვა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიზო სართანია.
“2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს. შეხვედრის მონაწილებმა მოისმინეს ინფორმაცია საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ. საჯარო მოხელეები გაეცნენ იმ ძირითად ცვლილებებს, რომელიც კანონის ამოქმედებიდან შევა ძალაში. შეხვედრა დაეთმო სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება, კარიერის მართვა, მოხელის უფლებები და მოვალეობები, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება”, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გიზო სართანიამ.
საინფორმაციო შეხვედრა ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.