საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს მიგრაციის მართვის განვითარებაზე საქართველოში.
ასევე, დამსწრეებმა მიიღეეს ინფორმაცია საიას პროექტის “მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში” ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე.
“ჩვენი პროექტის მიზანია, გავაძლიეროთ მიგრაციის მართვა საქართველოში. ყველაზე ეფექტური იქნება თუ დავიწყებთ ამას ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობებში. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში ხდება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, რათა გავაუმჯობესოთ მათი ცოდნა მიგრაციის მართვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა საია-ს პროექტის “მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში” იმერეთის რეგიონის ოფიცერმა მეკო ჩაჩავამ.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით წასული ემიგრანტები, როცა უკან ბრუნდებიან აქ ისევ ისეთი სიტუაცია ხვდებათ, იგივე პრობლემების წინაშე დგანან, რაც წასვლამდე ჰქონდათ. ამიტომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იძულებულია, ისევ ემიგრაციაში წავიდეს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი გზავნილი არის საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ისრაელიდან. ყველაზე მეტი ემიგრანტიც სწორედ ამ ქვეყნებშია.