ქუთაისში მერიის წინ ბუხაიძის
ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა გაუქმდეს მათ ქუჩაზე კაფე-ბარ “ფლამინგოს” მშენებლობის ნებართვა.
“ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ადამინები გვილახავენ უფლებას. სადაც ვცხოვრობთ, იქ არის სკვერი, ორი კორპუსის ბავშვები თამაშობენ, არიან მოხუცები და ერთადერთი ადგილი გვაქვს სადაც ვიკრიბებით. ამ ადგილზე მშენებლობის დაწყებას აპირებენ და ამას ვაპროტესტებთ. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმ პიროვნებებთან ვინც ამას აშენებს, სადაც უნდათ იქ ააშენონ, ოღონდ ჩვენს კორპუსებთან არა”, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციას საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე და პარტია “ევროპული საქართველოს ” წევრი გია თევდორაძე შეუერთდა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებთან შეხვედრას ითხოვდნენ და ამ წუთებში მერიაში შეხვედრა მიმდინარეობს.
ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია უკვე მეოთხედ გამართეს.