ქუთაისში საკანალიზაციო ქსელის
რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლოს დაიწყება, ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ განაცხადა გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევში შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საკითხის კომენტირებისას.
“2017 წლის ბოლოსათვის იწყება 110 მილიონ ევროიანი პრექტი, რომლითაც მთელს ქალაქში მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გზის გაკეთება ქალაქისათვის არამიზნობრივი ხარჯი იქნება. კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს”, – განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
ის, რომ ქუთაისში კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად მრავალმილიონიანი პროექტი იწყება, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში საუბრობდა ქალაქის მერი შოთა მურღულია, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ღირებულება დაახლოებით, 300 მილიონზე მეტი იქნებოდა. მისივე თქმით, ქუთაისის ინფრასტრუქტურაში ბოლო წლებში კოლოსალური თანხა იდება, რაც ბოლო 30-40 წელია არ ჩადებულა.