ქუთაისში სასტუმრო “თბილისის” ყოფილ შენობაში დევნილები ცხოვრობენ.
ისინი აცხადებენ, რომ შენობა ინგრევა და შენობის გარე ფასადზე არსებული ფილების მოხსნას ითხოვენ, რადგან მათი თქმით მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
“წინა მხარის ფასადზე ფილები რომლებიც დაახლოებით 30-დან 40-მდე იწონის არის გამოწეული და ცვივა ძირს, აქ ამ ადგილზე დადის ხალხი, ბავშვები და არის ძალიან დიდი შანსი უბედური შემთხვევა მოხდეს. ჩვენ მივმართეთ ქუთაისის მერიას განცხადებით, რომ ამ პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა მერიიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია,”-აცხადებს სასტუმრო “თბილისის” ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილი ვეფხია მიქაუტაძე.
ადგილზე იმყოფებოდა ასევე პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულია, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა მსგავსი პრობლემების აღმოფხვრისკენ.
“განსაკუთრებულ საშიშ შენობებზე ჩაატარონ სამუშაოები, რომლითაც საკითხი გადაიჭრება, სადაც სამუშაოებს ვერ ატარებენ გამაფრთხილებელი ნიშანი მაინც დადგან, რომ მოსახლეობა დაცული იყოს. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ ქალაქში ეს პრობლემა მოგვარდეს.” აცხადებს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და საკითხის მოგვარება არ ევალებათ.