მდინარე რიონის დონე ქუთაისში
3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს, 9 მაისიდან, ანუ დღეიდან 11 მაისის ჩათვლით სს “ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია” ლაჯანურ ჰესის, გუმათი I, გუმათი II და რიონის ჰიდროელექტრო სადგურების წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას ისახავს. “აღნიშნული სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განხორციელდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან. წყალსაცავების გარეცხვისას, მდინარე რიონის წყლის დონე ქუთაისში დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. სს “ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია” კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს”,- აღნიშნულია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.