ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია
დაინახე ყველა ფერი ქუთაისში მეორე დღეა მიმდინარეობს. დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. “ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას მოვუყვეთ და გავაცნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და დავანახოთ თუ რამდენი რამე შეუძლიათ მათ. ჩვენ ნაკლებად ვლაპარაკობთ. მთავარია, ილაპარაკონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს. მათ გააცნონ საზოგადოებას, რომ გარემოშია ბარიერები და არ არსებობდეს ამ გარემოში ბარიერები და შესაძლებლობა მიეცეს ადამიანებს, რომ თავიანთი უნარები გამოავლინონ”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა ქრისტინე კოსტავამ და ანა ლორთქიფანიძემ დამსწრე სტუმრებს საკუთარი წარმატებული ისტორიები გააცნეს.
“მოვუყევი დამსწრე საზოგადოებას ჩემი ცხოვრების შესახებ, თუ რა გზა გავიარე. ეს გზა არ იყო ადვილი. ეკლიან გზაზე ამ ბრძოლაში მარტო არ ვიყავი. მე დამსწრე საზოგადოებას ვუთხარი, რომ არ დატოვონ სხვა წევრები მარტო, იყვნენ მათ გვერდით და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ვისაუბრეთ რამდენად ადაპტირებულია გარემო ქალაქში და აღვნიშნე ისიც, რომ მარტო გარემოს ადაპტირება არ არის საკმარისი. საჭიროა ადამიანთა გულების ადაპტირება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს ანა ლორთქიფანიძე.
ქუთაისის ღონისძიება პირველია საკომუნიკაციო კამპანიის რეგიონალურ პრეზენტაციებს შორის, რომლებიც აპრილ-ივნისის განმავლობაშია დაგეგმილი. ქუთაისის შემდეგ კამპანიის პრეზენტაციები ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მარნეულში, ახალციხესა და ბათუმში გაიმართება.