“ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”- ხვალ ქუთაისში
აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსნებენ ხელისუფლებას, რომ ქუთაისდან პარლამენტის გადატანა ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრეს დღეს რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქეთევან ბერძენიშვილმა და ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, როდესაც თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ ითქვა, რამდენიმე თვითმმართველი ქალაქის მერმა ეს გააკრიტიკა. ვაშაყმაძის აზრით, ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უნდა გამოხატოს თავისი აზრი და ცენტრალური ხელისუფლებას უნდა მიაწვდინოს ხმა მოქალაქეების პოზიციასთან ერთად, რომ ისინი უჭერენ მხარს პარლამენტის დატოვებას. “საარჩევნო პერიოდში როცა კეთდებოდა განცხადებები ყველა ამბობდა, რომ მხარს უჭრდნენ ქუთაისში პარლამენტის დატოვებას. როცა ჟურნალისტი ან ვინმე ამის შესახებ ეკითხებათ ისინი უჭერენ მხარს, მაგრამ ცალსახად ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გამოდიოდნენ და ამას ხმამაღლა აცხადებდნენ და გვერდში უნდა ედგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინიციატივით გამოდიან”, – განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით ქუთაისში ხვალ აქცია 14 საათზეა დადგეგმილი.
“ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა და მისი სრულფასოვნად ფუნქციონირება, ველოდებით 2 მაისს, 14 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, შადრევანთან. ერთად გამოვხატოთ პოზიცია კონსტიტუციის 48 მუხლთან დაკავშირებით, რომელშიც პარლამენტის ადგილმდებარეობაა მითითებული. არ დავუშვათ ამ კონსტიტუციური ნორმის ამოღება ან შეცვლა. ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”- განაცხადა ქეთევან ბერძენიშვილმა.