მშრომელთა საერთაშორისო დღე ან შრომის დღესასწაული
ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის აღინიშნება. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.
მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.
“წითელი საშიშროების” პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია – თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.
კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში “მშრომელთა დღეს” სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2003 წელს 28 აპრილი გამოაცხადა შრომის დაცვის საერთაშორისო დღედ, ანუ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღედ, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 2004 წლიდან ამ დღეს აღნიშნავს საპროტესტო აქციებით სლოგანით: “ვილოცოთ დაღუპულებისთვის და ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის!”
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 მძიმედ დაშავდა.
მხოლოდ 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 58 ადამიანი, ხოლო 84 სერიოზულად დაშავდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წლის დასაწყისიდან უკვე 8 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები მიიღო ათმა ადამიანმა. უბედური შემთხვევების უმეტესობა სამშენებლო ობიექტებზე ხდება, შემდეგ მოდის ენერგეტიკა და სამთო-მომპოვებელი დარგი.