ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 5 წლისაა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც ცენტრის წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 5 წლის მანძილზე ცენტრში განხორციელებული საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საზოგადოებას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ ქეთევან ბიბილეიშვილმა გააცნო.
2012 წლიდან 2017 წლამდე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 3 ათას 200 ღონისძიება ჩატარდა, უშუალოდ ცენტრის ორგანიზებით – 218, მედია ორგანიზაციების ორგანიზებით -53, არასამთავრობოები -2 ათას 529, ბიზნესის სექტორი – 38 , პოლიტიკური პარტიები- 150, ადგილობრივი ხელისუფლება – 45, ცენტრალური ხელისუფლება – 43, მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფები – 124.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დატვირთული იყო 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლის გამართულ ყველა არჩევნებში და მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს სტუმრობდა გიორგი მარგველაშვილი.
“ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტისთვის გახსნილი და ღიაა. სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია მობრძანდეს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, დებატებში, ყველა იმ ღონისძიებაში რაც ჩვენს ცენტრში იმართება”, – აღნიშნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ ქეთევან ბიბილეიშვილმა.
შეხვედრაზე მისულ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა UშAID კავკასიის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი. მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს 5 წლის იუბილე მიულოცა.” პატივი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და UშAID-ის სახელით ვიმყოფებოდე აქ. ეს ცენტრი საქართველოში არსებული ცენტრებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგანაც ქუთაისი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს ადგილს სადაც მოქალაქეების აქტიურად არიან ჩართულები პროცესებში. როცა არ უნდა მივიდე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში იქ ყოველთვის არის ხალხი და მე ეს ძალიან მიხარია, რადგან ქვეყნის მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა ძალიან გადამწყვეტია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე”, – განაცხადა UშAID კავკასიის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს 5 წლის იუბილე საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიულოცა. “მინდა შევუერთდე მილოცვებს, იმიტომ რომ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საუბარი იყო ყველა მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სივრცე, სადაც სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ისაუბრონ ნებისმიერ პრობლემაზე”, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ. “შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილიდან იწყება დემოკრატიული სიტყვის ირგვლივ საუბარი. ვუსურვებ ცენტრს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ამ ცენტრთან თანამშრომლობის”, – აღნიშნა გვანცა თოთაძემ. მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის სახელით მიულოცა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს იუბილე ნუგზარ კოხრეიძემ. “ვულოცავ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს 5 წლის იუბილეს. ცენტრი დაარსების დღიდან ასრულებს მნიშვნელოვან როლს და იმედი მაქვს ასეც გააგრძლებს. ფასდაუდებელი სამუშაოები გაკეთდა ქუთაისისთვის და იმერეთისთვის”, – განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისათის სხვადასხვა ორგანიზაციების წამომადგნელბი სიგელებით დააჯილდოვეს.