ქუთაისში თეატრალური კაფეს მშენებლობა იგემება.
შენობა მესხიშვილის თეატრის ეზოში უნდა განთავსდეს. პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აცხადებს, რომ შესაძლოა მესხიშვილის თეატრის ეზოში მშენებლობას ხეები შეეწიროს. “როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თეატრის ეზოში აპირებენ კაპიტალური შენობის ჩადგმას, რაც გამოიწვევს იერსახის შეცვლას. მერიიდან მომივიდა ფარატინა ქაღალდი, სადაც არაფერი არ ჩანს ვინ და როგორ აკეთებს. ეს არაფრის მთქმელი ფურცლებია. აქ კაპიტალური შენობის დადაგმა შეუძლებელია. თუ კი თეატრის ეზოში ღია კაფესავით გაკეთდება, რაც იყო მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც არ შეეხება იერსახეს და არ მოჭრიან ხეებს და ამით შემოსავალი შეუვა თეატრის მუშაკებს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ”,- განაცხადა გოგი წულაიამ. როგორც პარტია “თავისუფალი საქართველოსთვის” მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, მშენებლობის დამკვეთია შპს- “კონიკო”. მიწის ნაკვეთის მფლობელია სახელმწიფო, მოსარგებლე შპს -“კონიკო”. აგრეთვე საპროექტო ტერიტორია იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობის ფიზიკური დაცვის ზონის 50 მეტრიან არეალში. შენობა უნდა იყოს 1 სართულიანი. მიწისზედა სიმაღლე – 7,80მ.
ანა ჯიქია