ქუთაისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის
მომსახურება იხსნება, სადაც იცხოვრებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. აქ ის ბავშვები განთავსდებიან, რომლებიც ადრე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს, ქუთაისის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება ეს არის თემში ინტეგრირებული პირველი გარდამავალი მომსახურება მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის. აქ ბავშვები ღებულობენ ოცდაოთხსაათიან საექთნო მოსახურებას, რეაბილიტაციას და თემში ინტეგრირების სერვისებს. საჭიროა რამდენიმე ასეთი მომსახურების შექმნა, რათა მოხდეს დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების გადაყვანა ოჯახებსა და ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.
2015 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა”, რომელიც მიზნად ისახავს შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.
საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურების განვითარება საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას გააფართოვოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და დაასრულოს ამ ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ცენტრი ხვალ, 29 მარტის 11:40 საათზე ქუთაისში, კეკელიძის ქუჩა # 26-ში გაიხსნება.