მაკა ნაცვლიშვილს ქუთაისის “ბაღების გაერთიანებამ”
სასამართლო დავა მოუგო. მაკა ნაცვლიშვილი ქუთაისის ბაღების გაერთიანების დირექტორი პირველი მოადგილე იყო, რომელიც 2016 წლის მაისში, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა. მაკა ნაცვლიშვილი განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვდა. მისი მოთხოვნა პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა. ბაღების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლო დავის შედეგი დღეს გამოცხადდა. “2016 წლის მაისში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა გაერთიანების დირექტორის პირველი მოადგილე, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაერთიანებას დაეკისრა მაკა ნაცვლიშვილის სასარგებლოს განაცდური და კომპენსაციის მიცემა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო პალატამ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება და მთლიანად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა ქალაქ ქუთაისის ბაღების გაერთიანების მიერ მაკა ნაცვლიშვილის გათავისუფლების ბრძანება. ეს ბრძანება ჩაითვალა კანონიერად”, – განაცხადა ბაგა ბაღების გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ.
მაკა ნაცვლიშვილის ადვოკატი რობინზონ ხურცილავა ამბობს, რომ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, შესაბამისად დოკუმენტს არ იცნობს. ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. “თუ ასეთი გადაწყვეტილებაა გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს მიერ, აუცილებლად გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დასაბუთებული სამართლებრივადაც და ფაქტობრივადაც და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. რით იხელმძღვანელა აპელაციამ ვერ გეტყვით”, – განაცხადა რობინზონ ხურცილავამ.