ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი
ისევ არ მუშაობს. მძღოლები პროტესტს ისევ განაგრძობენ. გუშინ ქუთაისის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მძღოლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. მძღოლები რადიო “ძველ ქალაქთან ” საუბრობენ და ამბობენ, რომ მერიაში გეგმაზე მხოლოდ 10 ლარის დაკლება შესთავაზეს, რაც მათი თქმით მიუღებელია.
“10 ლარის დაკლება შემოგვთავაზეს გეგმაზე. ეგ არაფერი არ არის. ეს ანკესზე თევზისთვის სატყუარას წამოგებას ჰგავს. 10 თეთრზეა საუბარი. 20 და 50 თეთრის მომატებას ხომ არ ვითხოვთ? ადრე საბურავს რომ ვაკეთებდით 3-4 ლარი უნდოდა. ახლა რომ გავაკეთე 7 ლარი წაიღო. სხვაობა ხომ არის 3 და 7 ლარს შორის. ზეთები გაძვირდა, საბურავები, ამორტიზატორი და ყველაფერი”, – აცხადებენ მძღოლები.
მძღოლები ამბობენ, რომ გუშინ მათი მოთხოვნა საზოგადოებაში არასწორად გავრცელდა, რომ თითქოს ისინი ავტობუსებზე 60 თეთრამდე, ხოლო მარშუტებზე 80 თეთრამდე მომატებას ითხოვენ. მძღოლები კიდევ ერთხელ აკონკრეტებენ, რომ მათი მოთხოვნა მხოლოდ 10 თეთრის მომატებაა. “გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვითხოვთ საფასური 60თეთრი იყოს ავტობუსებზე და 80 თეთრი მარშუტებზე. არანაირად არ მოგვითხოვია ეს. ვითხოვთ 10 თეთრის მომატებას მხოლოდ. ეს ხალხმაც კარგად ცის. თავად გვეკითხებიან. უყურებს ყველა როგორ მდგომარეობაში ვართ”, – აცხადებენ მძღოლები.
მათი თქმით ისინი პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. “ჯერ უარზე არიან, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ გასვლას და მუშაობას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს გასვლას”, – ამბობენ მძღოლები.
დღეს მერიაში კიდე მოლაპარაკების მეორე რაუნდი უნდა შედგეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და შედგება თუ არა მოლაპარაკება მოგვიანებით გახდება ცნობილი.