ქუთაისში უსახლკარო პირების რეგისტრაცია იწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესამსახური ავრცელებს. საბუთების მიღება დაიწყება 6 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით 12 ადმინისტრაციულ ერთეულში. (ე.წ მუნიციპალიტეტებში).
“განაცხადის შევსებისას მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაბადების მოწმობა, რეგისტრაციის მოწმობა, სოციალური ქულა და ასევე ოჯახის წევრების საბუთები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის N160 დადგენილებით მიღებული წესის მიხედვით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს დადგენილი კრიტერიუმები. წესი არ ვრცელდება:
ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;
ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;
გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ;
დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი ან/და მეორე რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;
ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 200 000 და მეტია.
განაცხადის ფორმის შესავსებად შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულს.
დამატებით გაცნობებთ, რომ უსახლკარო პირის რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ:
ა) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს.
ბ) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილ იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზე.
გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
დ) რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას, – აღნიშნულია მერიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.