ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახებისა
და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში იმერეთიდან 500 ბენეფიციარი ჩაერთვება. პროექტი დღეს ქუთაისში წარადგინეს. მას ფონდი “აფხაზინტერკონტი”, დემოკრატიის ინსტიტუტი, “თანაზიარი” და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. “პროექტი ითვალისწინებს პატიმართა და ყოფილ პატიმართა განვითარების ხელშეწყობას. რამდენიმე კომპონენტი გვაქვს პროექტში. ჩატარდება კვლევა თუ რა ჭირდება ამ პრობაციონერებს, მათ ოჯახებს, რა რესურსები გააჩნიათ, რა უნდათ რომ ისინი დაუბრუნდნენ საზოგადოებას როგორც სრულყოფილი წევრები. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული კომპონენტი, ესაა განათლება. ისინი ისწავლიან როგორ წარადგინონ საკუთარი თავი, როგორ მონახონ სამუშაო, როგორ აიმაღლონ კვალიფიკაცია, გადავამისამართებთ პროფესიულ სასწავლებელში ან სადმე დაწესებულებებში, სადაც გაივლიან პრაქტიკას დასაქმების კუთხით”, – განაცხადა “აფხაზინტერკონტის” გამგეობის თავმჯდომარემ და პროექტის კოორდინატორმა არჩილ ელბაქიძემ. პროექტი 1 თებერვალს დაიწყო და 2019 წლის 31 ნოემბერს დასრულდება.