“ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის
ადგილზე სასტუმრო აშენდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და ბიბლიოთეკათმცოდნე ნინო ძოწენიძე ავრცელებს. რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ნინო ძოწენიძე ირწმუნება, რომ ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს და ამბობს, რომ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ადგილის ათვისება წინა ხელისუფლების დოსაც სურდათ, თუმცა ამბობს, მაშინ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. “დაზუსტებით გავიგე, რომ აქ შენდება სასტუმრო. ეს სასტურო არის ადგილობრივი ჩინოვნიკების. კულუარული ინფორმაციით, ადგილობრივი ჩინოვნიკები იშენებენ თავისთვის. გეტყვით, რომ იქვე “ბავშვთა სამყაროსთან” შენდება სასტუმრო, რომელსაც აქვს ძალიან ჩაკეტილი სივრცე. არ აქვს კარგი გასასვლელები, ხედები და ეტყობა მავანს გაეზარდა გემოვნება და იფიქრა, რატომაც არა, აგერ საჯარო ბიბლიოთეკაა, მას გადავიტან სადღაც. ეს არის ყველაზე მზაკვრული გეგმა ქუთაისში, თუკი ოდესმე რაიმე განხორციელებულა”.- აცხადებს ჩვენთან საუბრისას ნინო ძოწენიძე.
რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, რათა გაერკვია იგეგმება თუ არა ბიბლიოთეკის ადგილზე სასტუმროს მშენებლობა. პრესსამსახურში გაგვიცხადეს, რომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარი ვერ გაკეთდება და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ჟურნალისტ ნინო ძოწენიძის პოსტს სოციალურ ქსელში , სადაც წერია: “ქალაქ- მუზეუმის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სასტუმრო შენდება, ამჯერად საჯარო ბიბლიოთეკის ადგილზე…..”
ქუთაისის მერიის პრესამსახური პასუხობს:”ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დეზინფორმაციას თავად ბიბლიოთეკის თანამშრომელი ავრცელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ბიბლიოთეკის ადგილზე სასტუმროს მშენებლობაზე საუბარი არც კი ყოფილა. იმისთვის, რომ ინფორმაცია უფრო დამაჯერებლი იყოს თქვენის მხრიდან ქალბატონო ნინო, იქნებ სასტუმროს პროექტიც ატვირთოთ”.- წერია მერიის პრესამსახურის პასუხში.
შეგახედნებთ, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.
რადიო “ძველი ქალაქი” აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს დღეებში ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.