საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტს ფსიქიკური
ჯანმრთელობის სფეროში კონტროლის განხორციელების მოთხოვნით მიმართავენ. 42 არასამთავრობო ორგანიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სადაც აღნიშნულია , რომ 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამამ დაფინანსების სქემის ცვლილებიოთ შემცირდა მწვავე შემთხვევების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება, რამაც მრავალპროფილური კერძო საავადმყოფოების ფარგლებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია. “დღესდღეობით პაციენტების მიღება შეწყვეტილი აქვს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს და მე-5 კლინიკურ საავადმყოფოს. ფუნქციონირებას დროებით აგრძელებს მე-5 კლინიკური საავადმყოფოს 10 ადგილიანი ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება, რომელიც ერთადერთია მთელ საქართველოში.მთავრობის მიერ მექანიკურად განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების, სათემო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტებისა და სერვისის მიმწოდებლების ჩართულობის გარეშე განხორციელდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დიდი ნაწილი მომსახურების გარეშე დარჩა, ნაწილი კი, იძულებულია მომსახურება მიიღოს დიდი ზომის ინსტიტუციებში, რაც ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსების შემცირება და ამის შედეგად ფსიქიატრიული განყოფილებების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებების დარღვევას.
“მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და უახლოეს დღეებში დანიშნონ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა, სადაც მოწვეულები იქნებიან: საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები”,- წერია განცხადებაში.