საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი 20 წლისაა.
1996 წლიდან დღემდე საია და საიას ქუთაისის ფილიალი არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას გაუმკლავდა. ორგანიზაციის 20 წლიანი საქმიანობა საიას ქუთაისის ყველა თაობის წარმომადგენელმა და სტუმრებმა წყალტუბოში შეაჯამეს.
“20 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო მნიშვნელოვანი მოვლენები და ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას საია და საიას ქუთაისის ფილიალი გაუმკლავდა. ვიყავით ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. არაერთი თაობა იურისტებისა ახორციელებდა თავის საქმიანობას ფილიალში და ფაქტობრივად დღეს საიას ყველა თაობის იურისტის, ფილიალის ხელმძღვანელის მონაწილეობით ვაჯამებთ 20 წლის შედეგებს”, – განაცხადა საიას ქუთაისის ფილილის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
საიას ქუთაისის ფილიალის თანამშრომლებს და სტუმრებს 20 წლის იუბილე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა მიულოცა. სიტყვით გამოსვლილას მან ყურადღება გაამახვილა საიასა და მსგავსი ორგანიზაციების როლზე ქვეყანაში.”განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საიას და მსგავსი ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა. კრიტიკულ მომენტში, როდესაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ცდებოდნენ, არასწორ ნაბიჯებს დგამდნენ, იყოს თუნდაც მცირე ჯგუფი , რომელიც სწორად დაინახავს საკითხს და შეცვალოს რიგ შემთხვევაში მოვლენათა განვითარება. ამ ფუნქციის მატარებელი იყო საია და მე დარწმუნებული ვარ ასეც დარჩება ჩვენი ორგანიზაცია. ამ როლის შესრულებაში მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონალური ოფისების როლი და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის ფილიალს იმ უდიდესი სამუშაოსთვის რაც 20 წლის მანძილზე გასწიეს”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ანა ნაცვლიშვილმა.
დღესვე საიას ქუთაისის ფილიალის გამგეობის წევრები აირჩიეს. გამგეობის წევრებად გიორგი სანტურიანი, ზაალ გორგიძე, ნათია გოდუაძე, თამთა ჩეჩელაშვილი და ალექსანდრე მგელაძე აირჩიეს. საიას ქუთაისის ფილიალს კი უკვე მესამე ვადით არჩეული გიორგი სანტურიანი უხელმძღვანელებს.