სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა
კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მის უწყებაში სარეჟიმო პირობების უზრუნველსაყოფად, პატიმრების კლასიფიცირება რისკების მიხედვით მოხდა და დღეისთვის რისკები 3 639 მსჯავრდებულს შეუფასდა.
“203 მსჯავრდებული არის საშიშროების მაღალი რისკის მქონე, 3 265 მსჯავრდებული – საშიშროების საშუალო რისკის, 158 მსჯავრდებული – საშიშროების დაბალი რისკის, ხოლო 13 მსჯავრდებული – საშიშროების მომეტებული რისკის მქონეა. ამავდროულად გვაქვს გრანდიოზული გეგმები მომავალთან დაკავშირებით. იწყება უპრეცედენტო პროექტი, 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება. ჩვენი აზრით, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, არ იქნებოდა სწორი ასეთი პატიმრები, სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადავიყვანოთ. ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციით და დახმარებით შეიქმნება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება, სადაც ცალკეული პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი ამ ასაკისთვის, რათა მომავალში საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულად, მივიღოთ ასეთი ტიპის ადამიანები, სასჯელის მოხდის შემდეგ”, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კაიხიშვილმა.
ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებისა” და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა.