იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძემ
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ძლიერი ქარის გამო მხარის 6 მუნიციპალიტეტში ითვლიან ზარალს.
წუხელ გვიან ღამით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქარმა 15-მდე მრავალსართულიან კორპუსს, სახელოვნებო სკოლას, საბავშვო ბაღებსა და დაბა კულაში ადმინისტრაციულ ცენტრს სახურავები გადახადა.
ასევე, მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტრო სადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა სოფელ დიდ ჯიხაიში გაზის მთავარი მაგისტრალიც დააზიანა, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტებში სპეციალურად შექმნილ საგანგებო ჯგუფებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.
“უკვე შექმნილია შატბები, რომელიც ზარალს სწავლობს, იმედი მაქვს სტიქიით მიყენებული ზარალი რამდენიმე დღეში დათვლილი იქნება და ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნება, ამ დროისთვის გამგეობაც და მუნიციპალიტეტიც მზად არის, რომ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინოს,”- განაცხადა პაატა ნადირაძემ.