სისიხლიანი დაპირისპირებისას ზვარეში ჰოსპიტალიზირებულია
5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირიის” ინფორმაციით გუშინ, გვიან ღამით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს” ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია, ტყიდან გამოსულ ორი ადგილობრივი მაცხოვრებელს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდა. ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არ არსებობვის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ გლეხებს ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს” კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში.
“ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარეს ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა კომპანიის ათობით წარმომადგენლებმა არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და უმოწყალოდ სცემეს.
მუშებმა პოლიცია მაშინვე გამოიძახეს. სიტუაცია დროებით განიმუხტა. ხუთი დაზარალებული კი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დილით, სამუშაო სმენის დაწყებამდე, დასაქმებულები სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ, როცა მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან, დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში”, – ნათქვამია პოფკავშრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზვარეში, სარკინიგზო ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია. ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი” მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოება. დაუყოვნებლივ დააკავონ ზვარეს ობიექტის ადგილობრივი მენეჯმენტი და მიენიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია.
,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი” მომხდართან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ,,საქართველოს რკინიგზას”, რომელიც თავის მხრივ გახლავთ ობიექტის მშენებლობის დამკვეთი. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს შპს. ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს” კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი უპასუხისმგებლო დამსაქმებელთა დაჯგუფება.
პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა მათ სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე”- არნიშნულია განცხადებაში.