სააპელაციო სასამართლომ, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს ოდენობის გადახდა დააკისრა, რითაც დაეთანხმა თბილის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია “ფორმულას”, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.

„როგორც ცნობილია, თავის დროზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით კეზერაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ გაფლანგვის მუხლით, ხოლო ალექსანდრე ნინუასთან მიმართებით გამოყენებული იყო გულგრილობის მუხლი. შესაბამისად, მათ მიერ მიყენებული ზიანის სოლიდურობა სასამართლომ ამიტომ ვერ დაინახა. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთადერთი რისი გაკეთებაც კანონიერად შეეძლო, ეს იყო გაეუქმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც მოსარჩელე მხარე სასამართლოში მიდის და ამტკიცებს, რომ მეორე მხარეს მისთვის თანხა აქვს გადასახდელი ზიანის ასანაზღაურებლად, ის ვალდებულია მტკიცებულებები წარადგინოს, რომელიც ზიანის ოდენობას ადასტურებს. არც უზენაეს სასამართლოს განაჩენში, რომელშიც პოლიტიკური მოტივებით, მაგრამ მსჯავრდებულად იქნა ცნობილი დავით კეზერაშვილი და არც რაიმე სხვა დოკუმენტში აღნიშნული არ არის, რა იყო ზიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა მიდგომოდა ამ გამოგონილი დანაშაულის შედეგად. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი იყო თბილისის საქალაქო სასამართლომ რაზე დააფუძნა ეს კალკულაცია და რით დაადგინა რიცხვი 5 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც თავის დროზე გადასახდელად დააკისრა ორივე პირს. შესაბამისად ჩემთვის დღესაც, გაურკვეველია რა პრინციპით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ, რა დოკუმენტს ეყრდნობა, როდესაც ადგენს, რომ დანაშაულის შედეგად გარკვეული ზიანი იქნა დადგენილი”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

წყარო: www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *