“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საქართველოში 2022 წლის ,,კორუფციის აღქმის ინდექსი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს 56 ქულა აქვს. ეს წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტრია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “კორუფციის აღქმის ინდექსში” ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. TI-ის ცნობით, საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ჩემპიონი იყო, ახლანდელი მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლის ნებისმიერ მცდელობას ახშობს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TI აღნიშნავს, რომ საქართველო, 56 ქულით, რეგიონში ლიდერია, რაც წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრითაა განპირობებული.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია “კლეპტოკრატიის” სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა სწორედ მაღალ დონეზე კორუფციასთან დაკავშირებული უმოქმედობა დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად 2022 წლის ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ერთი პუნქტი ქვეყნის „დეოლიგარქიზაციაში“ დასახმარებლად ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ მსგავსი სააგენტოს შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან გეგმაში არ შედის გამოძიების უფლება და საკმარისი დამოუკიდებლობა.

რეგიონში სულ სამ ქვეყანას აქვს გლობალურ საშუალო ქულაზე, 43-ზე მაღალი რეიტინგი: საქართველოს (56), სომხეთს (46) და მონტენეგროს (45). ყველაზე ცუდი მაჩვენებლები რეგიონში აქვთ თურქმენეთს (19), აზერბაიჯანს (23) და ტაჯიკეთს (24).

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *