ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა იმსჯელეს იმის შესახებ როგორ და რესურსებით შეიძლება გაუწიოს დახმარება ქუთაისმა უკრაინის ქალაქ დნიპროს, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია.

შეხვედრაზე გამოიკვეთა უკრაინელების საჭიროებები, განიხილეს ქუთაისში არსებული რესურსები, რომლითაც დაძმობილებული ქალაქის დახმარებაა შესაძლებელი.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია საქმეში ჩაერთოს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელი, განურჩევლად საქმიანობისა და პოლიტიკური შეხედულებისა.
ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ქალაქის მერიამ უნდა გადადგას რიგი ნაბიჯები დაძმობილებული ქალაქისთვის დახმარების გასაწევად.

,,ეს ის საკითხია, რომელიც ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ჩვენს ყველა თანაქალაქელს უნდა აერთიანებდეს. აქ გათიშულობა არ შეიძლება. დღეს უჭირს უკრაინას, ხვალ ჩვენ რომ დაგვჭირდეს დახმარება, ანალოგიურად დაგვიდგებიან უკრაინელები გვერდით. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, გულზე მომხვდა დნიპროს მერის განცხადება, რომელშიც ის ამბობდა, რომ დნიპროს ქუთაისის გარდა ყველა დაძმობილებული ქალაქი ეხმარება, რადგან მინდა, რომ ჩემი ქალაქი ყველგან კარგად იყოს წარმოჩენილი. ქალაქებთან დაძმობილება არ არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის, როცა დაძმობილებულ ქალაქს უჭირს, ვალდებული ხარ გვერდით დაუდგე. იმედი მაქვს, ქუთაისის მერია დნიპროს მერის განცხადებას ყურად იღებს და თავის გასაკეთებელს გააკეთებს,’’-ამბობს ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

,,თითოეულ ქუთაისელს და თითოეულ ქართველს სტკივა ის, რაც უკრაინაში ხდება. არ მგონია, ამ დიდი ბოროტების წინააღმდეგ ვინმეს სხვა მოლოდინი ჰქონდეს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! ჩვენ ყველამ ხელი უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე დავეხმაროთ დნიპროს. ამ საკითხმა უნდა გააერთიანოს ყველა რგოლი: ადგილობრივი თვითმმართველობა, პოლიტიკური პარტიები, მედიას, არასამთავრობო სექტორი, რიგითი ქუთაისელები და სხვა,’’-ამბობს რეგიონული ინიციატივების ცენტრის ,,ნათელი მომავალი’’ წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.

ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ასევე შექმნილია ფეისბუქჯგუფი სახელწოდებით ,,ქუთაისი დნიპროსთვის’’, სადაც ყველა მსურველს შეუძლია გაწევრიანდეს და სხვადასხვა საშუალებით დაეხმაროს დნიპროს მოსახლეობას.

,,ჩვენ ყველასთვის ღია ვართ. ადამიანები მოგვმართავენ, გვთავაზობენ დახმარებას. ყველა მსურველს შეუძლია დაგვიკავშირდეს. ყველა ქუთაისელის ღირსების საკითხია, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობარს გვერდით დაუდგე,’’-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ქეთი დეისაძე.

14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 46 ბავშვი, დაშავდა 75 ადამიანი.
20 იანვარს დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ,,ფორმულასთან’’ ინტერვიუში განაცხადა, რომ დახმარებას იღებს დაძმობილებული ქალაქებისგან, მაგრამ მათ რიცხვში არ არის ქუთაისი.