იმერეთის გუბერნია, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ, მისი თქმით, უმჯობესია თუ მოსახლეობა საახალწლოდ პიროტექნიკას არ გამოიყენებს.

,,მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის საშიშროება, რომ წარმოიქმნეს ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტი და სხვა. ქარმა პრობლემები შექმნა გაზმომარაგების და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე, შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება.ძლიერი ქარის შედეგად ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა ავტომობილები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *