თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დაიწყო.
მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს.
“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი გამოცხადებას ან ჩართვას: წარმოდგენილია პენიტენციური სამსახურის ოქმი, რომლის მიხედვითაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, მისივე განმარტებით, პროცესზე დასწრებას ან დისტანციურად ჩართვას. ასევე, თანხმობა განაცხადა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების დასწრებით გაგრძელდეს ამ შუამდგომლობის განხილვა”, – განაცხადა მოსამართლემ.
სხდომის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი შეკრებილია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. 2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.