ოპოზიციის ნაწილი რეგიონებში შეხვედრებს მართავს.
სამი პოლიტიკური ძალის – ,,სტრატეგია აღმაშენებლის”, ,,ლელოს” და ,,დროას” წარმომადგენლები ქუთაისის მცხოვრებლებს და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან ერთად ევროინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს.
,,ვსაუბრობთ იმ ნაბიჯებზე, რაც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის უნდა გადაიდგას. ხელისუფლებას ყველა ქმედებისთვის- რუსული ინტერესების გატარებით დაწყებული, ადამიანის უფლებების შელახვით დასრულებული- პასუხს მოვთხოვთ. საჭიროა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მოსახლეობასთან ერთად მსჯელობა,”-აცხადებს ,,დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.
,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის საკითხზე ჩვენი ხედვების და სტრატეგიის გაცნობაა. ეს სტრატეგია ჩვენ კოორდინირებული მუშაობით ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ,”-ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ.