,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
-ამის შესახებ დიპლომატმა გიგი გიგიაძემ რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც არაპოლიტიკური ადამიანების, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან იქნება დაკომპლექტებული, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები.
,,ხელისუფლება ამ პროცესის დისკრედიტაციას შეეცადა. ამბობდნენ, რომ ტექნიკური მთავრობის შექმნა არაკონსტიტუციურია. სინამდვილეში, ბევრი კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ დროებითი მთავრობის შექმნა საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაშია. ძალიან მცირე დრო გვაქვს იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გემა შევასრულოთ. საქართველოს მთავრობამ ვერ გამოიყენა შანსი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ამიტომ ხალხს მთავრობის ნდობა აღარ აქვს. არაპოლიტიკური, ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში 12-პუნქტიანი გემა სრულად შევასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაეთმოს ასპარეზი პოლიტიკურ პარტიებს,’’-ამბობს გიგი გიგიაძე.
ის, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია ევროპული არჩევნის შესახებ.
,,კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83%-ზე მეტი მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერს. მარგინალური ჯგუფები უმცირესობაში არიან. ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა გამოხატოს სურვილი იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ევროპისკენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მივისწრაფვით. საქართველო ევროპაა. ჩვენ ჩვენს ევროპულ ოჯახში უნდა დავბრუნდეთ, რომელსაც ხელოვნურად მოწყვეტილები ვართ. და მაინც, თუ ვინმეს აქვს შიში, რომ ამით ჩვენს იდენტობას დავკარგავთ, ევროკავშირის ლოზუნგს შევახსენებ: ,,ერთობა მრავალფეროვნებაშია’’. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ევროპულ ოჯახს,’’-ამბობს გიგი გიგიაძე.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველოს კი ამ ეტაპზე მიენიჭა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და გადაცეცა 12 პირობა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად 6 თვეში უნდა შეასრულოს.