,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ისმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა ირაკლი კობახიძისვე შეფასებით, მათ ხელისუფლების არასწორი ქმედების დამადასტურებელი არგუმენტები არ აქვთ.
„ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული და რომელსაც თითქმის ერთი თვე ატრიალებდნენ, იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს და ომს ვერ აჩერებს. თუმცა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებები მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ. ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.
შესაბამისად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ,’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ის ოპოზიციას მიმართავს, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისი განმარტებით, მმართველი პარტია არგუმენტირებული შენიშვნის მოსასმენად მზად არის.