,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მძიმე შედეგები დადგება, ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.

,,ეს იქნება ძალიან მძიმე ზიანი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ის გარემო რომელშიც იქნება, არ იქნება შესაბამისი, რაც აუცილებელია სრული რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია რეაბილიტაცია იყოს სრულყოფილი, იყოს თავისუფალ გარემოში, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და აქ ძალიან მკაცრად უნდა დაისვას საკითხი, რომ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, პოლიტიკური პატიმარი მესამე პრეზიდენტი არის ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა დონალდ ტუსკის მიწვევას და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის თავისუფალი უნდა იყოს.

„ტუსკის განცხადება და სააკაშვილის მიწვევა იმ სამიტზე, რომელსაც ესწრება ევროპის ყველა გამოჩენილი პოლიტიკოსი, სახალხო პარტიის წევრი და ქვეყნის მეთაურები, ასახავს იმ დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც გულისხმობს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიების გამო არის გასამართლებული, ყველანაირი ინდიკატორი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა,’’-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მესამე პრეზიდენტის ოჯახი, ექიმების ნაწილი და სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *