ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ქუთაისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
სარჩელის მიზეზი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, ქუთაისის მერიაში თანხების გაფლანგვა, თანამდებობების ბოროტად გამოყენება და სხვა სახის ხარვეზები იკვეთება. გიგა შუშანიას თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყო გამოძიება კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ.
,,მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება’’ მიხეილ სააკაშვილს ე.წ პიჯაკების საქმეზე ასამართლებს, ამ დროს მმართველი გუნდის წევრები მილიონობით ლარს ფლანგვავენ. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში 358 ათასი ლარის ღირებულების სოციალური დახმარებები მერიის თანამშრომლებზე გაიცა. 22 მილიონის ღირებულების მუნიციპალური ტრანსპორტი 9 თვეში გაფუჭდა. უხარისხოდაა შესრულებული მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ყველაფრის გამო შემაქვს სარჩელი და ვითხოვ დროულ გამოძიებას,’’-აცხადებს გიგა შუშანია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 7.1% და 31.9% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
სოციალური პროგრამების მართვა
მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებები – 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.
მუნიციპალური ტრანსპორტის მართვა
მგზავრთა მომსახურების ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტმა, მგფ-თან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 22,669.5 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსები მიიღო. მერიამ არ გამოიყენა კონტრაქტით მინიჭებული უფლებები და არ მოითხოვა მიმწოდებლის მხრიდან ავტობუსების ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა. შედეგად, მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები. ავტობუსების ხშირი დაზიანების გამო, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო ხარისხით მომსახურებას.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა
უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები – მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1,984.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ქონების მართვა და განკარგვა.
ქონების გასხვისების ხარვეზები – მუნიციპალიტეტი, თავის საკუთრებაში არსებული მიწების აუქციონის წესით რეალიზაციის დროს, ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრისთვის არ იყენებს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებას, რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასევე, არსებობს მაღალი რისკი, რომ პირობითი აუქციონები გამოიყენება კონკურენციის შესამცირებლად და ქონების საბაზროზე დაბალ ფასად რეალიზაციის მიზნით.
მიუღებელი საიჯარო თანხა – ქონების განკარგვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
შესყიდვების მართვა
განხორციელებული ბაზრის კვლევა – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ − სპეციალურმა სერვისებმა, სპეცტექნიკის საბაზრო ფასის დასადგენად, ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა. შედეგად, არსებობს პროცესის იმგვარად წარმართვის რისკი, რომ ხელშეკრულება გაფორმებოდა წინასწარ შერჩეულ კომპანიას.
ინტერესთა კონფლიქტი – მუნიციპალიტეტმა 128.8 ათასი ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მოადგილე იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. არსებობს რისკი, რომ ინტერესთა კონფლიქტმა გავლენა იქონია შესყიდვის შედეგებზე.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზები – მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 125 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.