არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ.
ორგანიზაციების განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიო წესრიგის გადახედვა ხდება და საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, ამისთვის არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს:
“მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის”;
“ქართულმა ოცნებამ” დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც”;
“ქართულმა ოცნებამ” უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად”;
“მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით”;
“საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე”;
“პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი”.
განცხადებას ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ცენტრი “ემპათია”
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)