,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ არცერთ ინიციატივას არ განიხილავენ.
არგუმენტად მდინარაძეს მოჰყავს ის, რომ “ომის პარტია” საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება არსებულ სიტუაციაში “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.
,,წარმოუდგენელია შეხვიდე, იმ ხალხის მიერ ინიცირებული შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანია, საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები, ან როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს”, -აცხადებს მამუკა მდინარაძე.
17 მარტს პარტია ლელო ინიციატივით გამოვიდა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში ჩაერთოს და ქართულ საზოგადოებას მიმართოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის სურვილი, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართოს, ისტერიად შეაფასა. მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არ უყურებენ.