საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება საქართველოს რუსეთისთვის გადასაცემად ამზადებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ,,ქართული ოცნება’’ მის რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს.
,,იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი სხვათა შორის ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე 2008 წლის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელინსკის მსგავსად, საკუთარი ქვეყანა არც მას დაუტოვებია.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის მეშვეობით შეიქმნა ყალბი ნარატივები თითქოს 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.
,,ჩემი მეგობარი ენტონი ბლინკენი მცირე ხნის წინ გამოვიდა და თქვა, რომ 2008 წელს შექმნეს ყალბი ნარატივები, ხომ არ იცით ვინ შექმნა ეს ყალბი ნარატივები 2008 წელზე? რა საკვირველია, რუსეთმა. ხომ არ იცით ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და ამისთვის უნდა გასამართლეს? შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა ტელევიზორში რომ გამოდის და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს?! მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი, რასაც ბლინკენმა უწოდა ყალბი ნარატივები, რომელიც იქმნებოდა 2008 წლის გარშემო. უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა და არა იმის თქმა, რომ მაშინაც სწორი ვიყავი და ახლაც სწორი ვარ. როდესაც ამას ამბობ, შემდეგ ამის გამართლება ძალიან რთულია, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.