უკრაინის მხარდასაჭერად ქუთაისში ოპოზიცია მსვლელობას აწყობს.
აქციის მონაწილეები ავტომანქანებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას გამოხატავენ.
,,სოლიდარობას ვუცხადებთ ერს, რომელიც ტირანს ებრძვის. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ბევრი ვერ ითავისებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. აქცია ორი მიზნით ჩავატარეთ: გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და ჩამოვირეცხოთ ის ლაქა, რაც პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებებით მოგვაყენა,”-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბექა ქვაჩაკიძე.
,, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს უკრაინელ ძმებს, რადგან მიგვაჩნია, რომ როცა ოკუპანტები ებრძვიან უკრაინას, უკრაინელ ხალხს უნდა ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა და მთელი ქვეყანა ამაში უნდა იყოს ჩართული,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ,გიგა შუშანია.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის გამოც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს , რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად აქციებს პერმანენტულ რეჟიმში მართავენ.