უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა.
რა ბედი ელის საქართველოს? უნდა გამოვიყენოთ თუ არა ისტორიული შანსი ჩვენც გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები?- ამასთან დაკავშირებით რადიო ,,ძველი ქალაქი’’ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ესაუბრა. მათი შეფასებით, შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ეძლევა, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ განმეორდეს, ამიტომ საქართველომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი დაჩქარებული ტემპით ევროინტეგრაციისკენ.
,,როცა გლობალური დაპირისპირებები და კატაკლიზმები ხდება, ახალი გეოპოლიტიკური ფანჯარა იხსნება. ეს ფანჯარა გახსნილია და ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ოდნავ ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, საგარეო კუთხით მაინც, გაგზავნიდა წარმოამდგენლებს ევროსტრუქტურაში, რათა საქართველოს ევრიინტრეგრაცია რეალური გამხდარიყო. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთი პაკეტია, ახლა გვაქვს შანსი და ამ შანსის გამოუყენებლობა არის ქვეყნის მომავლის ღალატი და გაუგებარ გეოპოლიტიკურ გზა-შარაზე დატოვება,’’-ამბობს ,,ლეიბორისტული პარტიის’’ წევრი, ირაკლი კიკვაძე.
ისტორიული შანსის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი ამირან ძოწენიძეც, თუმცა, პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ინტერესების აშაკარა გამტარებელია. ამირან ძოწენიძე გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.
,,საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ. გუშინ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ზელენსკის ელჩი არ გაუწვევია არცერთი სხვა ქვეყნიდან, გარდა რუსეთის, ბელორუსის და ყირგიზეთისა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი რუსულ აგრესიას. წარმოგიდგენიათ ვის ბანაკში აღმოვჩნდით? რუსეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი და საქართველო. ეს სამარცხვინოა. წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი სცენარი: რუსეთმა მიზანს მიაღწია და უკრაინის ძირითადი ქალაქები დაიკავა, ეს შემდეგ გადავა პარტიზანულ ომში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რომელ მხარეს აღმოვჩნდებით: ცივილიზებული სამყაროს გვერდით დავდგებით თუ აგრესორს დავუჭერთ მხარს. საქართველოს სჭირდება ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, სადაც არავინ არავისზე ძალადობს,’’-აცხადებს ამირან ძოწენიძე.
საქართველოს ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის გაურკვეველ ბედზე საუბრობს ,,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია თევდორაძეც.
,,მთავრობის სამარცხვინო, კოლაბორაციული ქმედებების გამო საქართველოს ბედი ბუნდოვანია. ამას ვამბობ, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც რეალურად აღელვებს თავისი შვილების და ქვეყნის ხვალინდელი დღე და არა როგორც პოლიტიკური სუბიექტი. აქედან ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ჩვენი ურყევი ნება ვაგრძნობინოთ ხელისუფლებას, შევცვალოთ მთავრობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკები საქართველოს ევროინტეგრაციაზე,’’-ამბობს გია თევდორაძე.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, ამის გამო მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. მთავრობამ ასევე უარი უთხრა ქართველ მოხალისეებს გამგზავრებაზე, რომლებიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიდიოდნენ. ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოხალისეების გაგზავნა სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რაც საქართველოსთვის არახელსაყრელია.