სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.
მისი თქმით, ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს უპირისპირდება.
„2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს თხოვნით, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებების თაობაზე, რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. 18 თებერვალს ჩვენ მივიღეთ დაჩქარებული წესით მომზადებული საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მოსაზრებები განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი, თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,’’-ამბობს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის შეფასებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი და უარყოფოთი გავლენა იქონიოს ქვეყანაში სხვა დამოიუკიდებელი ინსტიტუტების მუშაობაზე.
ასევე, ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირი რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე.