ქუთაისში, მადლიერების სახლში, ერთ ბენეფიციარზე 2 ლარი და 25 თეთრია გამოყოფილი.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გიგა შუშანიას შეფასებით, აღნიშნული თანხა მწირია იმისთვის, რომ რაციონი სრულყოფილი იყოს და ბენეფიციართა საჭიროებები დააკმაყოფილოს. გიგა შუშანია პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ ბენეფიციარებს საკვების ადგილზე მიღების საშუალება არ აქვთ.
,,ბენეფიციარებს უწევთ ცხელი წვნიანის სახლში წაღება, წვნიანი გზაში ცივდება და ბევრი გაზით გათბობასაც ვერ უზრუნველყოფს. ამის პარალელურად მერი აპირებს 400 ათასი დახარჯოს მომსახურებაში, მისი ხელფასი 5500 ლარამდე გაიზარდა და ამ დროს ერთ ბენეფიციარზე 2,25 ლარია გამოყოფილი. წინა წელს 1.80 იყო, მაგრამ ეს მცირე ცვლილება პროდუქტის გაზრდილი ფასების გამო არაფერს ცვლის, მენიუ არ გაუმჯობესებულა,”-აცხადებს გიგა შუშანია.
მადლიერების სახლში აცხადებენ, რომ ბენეფიციარების ადგილზე გამოკვება პანდემიის გამო ვერ ხერხდება. მათი თქმით, მენიუ, რითაც ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ, მრავალფეროვანია და მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
,,რეგულაციების გამო ადამიანებს საკვები სახლში მიაქვთ, მათ ამაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. გვაქვს სხვადასხვა ტიპის საჭმელი: საქონლის, ქათმის ხორცი, სუპები, წიწიბურა და ა.შ. “-ამბობს მადლიერების სახლის ტექნიკური განყოფილების უფროსი, ვარლამ ფხაკაძე.
მადლიერების სახლი ჯამში 800-მდე ბენეფიციარს ემსახურება. კვებაზე 600 ათასი, ხოლო დანადგარებზე 240 ათასი იხარჯება.