ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა იმართება.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მათ ეს ბრძოლა უკვე მოიგეს.
ხაზარაძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული შოუა.
„როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო, რადგან ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩემს თანაგუნდელებს, ბადრის (ჯაფარიძეს) – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია – სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც აუცილებლად თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.