,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა გადახედოს საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიაროს და მოინანიოს დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი.
ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ რაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაშ ოპოზიციაში ყოფნის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლაზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ ქართული დემოკრატიისთვის არის ძალიან კარგი პროცესი.
„მთლიანობაში ოპოზიციამ, რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს, რომ მათი ნაბიჯები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორია. ასეთ დროს ბუნებრივია, იწყება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში, ეს დაშლის პროცესი თუ გაგრძელდება, შეიძლება ამან დადებითი როლი შეასრულოს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების თვალსაზრისით 2024 წელის საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამოდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა არის ძალიან კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.