როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, სასამართლომ მოითხოვა, რომ სააქართველოს მთავრობამ აცნობოს
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომები დააკისროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს. დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.
„განმცხადებელი მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, დაბადებული 1967 წელს. ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის. იგი მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ და მას შემდეგ შიმშილობს, ამ მოთხოვნის მიღების დროისთვის, სულ 41 დღე.
მას ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, ღებულობს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა.
სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა უარყვეს.
სააკაშვილი ამტკიცებდა, ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.
პრესრელიზის მიხედვით, 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა მიუთითოს საქართველოს მთავრობას, 39-ე მუხლზე დაყრდნობით, რათა მან მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს აპლიკანტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში, მიაწოდოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება შიმშილობის დასრულების შემდგომ აღდგენის პერიოდში. ასევე, უნდა შედგეს აპლიკანტის ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა.
„ამავე დროს სასამართლო მოუწოდა აპლიკანტს, შეწყვიტოს შიმშილობა. სასამართლომ ასევე შესთავაზა მხარეებს, წარადგინონ ამ დროებით ზომებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე)
სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს 41-ე წესზე დაყრდნობით.
სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით განსაზღვრული ზომები მიიღება სასამართლოს განხილვამდე და არ განაპირობებს შემდგომ გადაწყვეტილებებს საქმის დასაშვებობასა თუ არსებითად საქმეზე. სასამართლო მსგავს თხოვნებს აკმაყოფილებს ბოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც აპლიკანტი სხვა შემთხვევაში დადგება გამოუსწორებელი ზიანის მიღების რეალური საფრთხის წინაშე“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.