საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პენიტენიცური სამსახურის განცხადებას ეხმაურებიან.
დღეს, 11 სთზე, როცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო, პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. უწყება მიზეზად ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ დესტრუქციულ ქმედებებს და სააკაშვილის ჯანმრთელობას ასახელებს.
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმის განმხილველი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი პირდაპირ დავალებას იღებდა, დალოდებოდა, როდის გაუარესდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ თურმე, რომ პენიტენციური არ აპირებდა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოში. მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის პროცესები უნდა შედგეს და მას მიეცეს პროცესებზე დასწრების უფლება, პენიტენციურ სასამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ტქნიკურ მიზეზს იტყვის ალბათ.
სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც, ბადრი კოჭლამაზიშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ ეს პენიტენციურს მიზეზად მოეტანა, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. 10 ნოემბერს სააკაშვილს შეეძლო სასამართლოში მოსვლა და არ მოიყვანეს.
ყველას ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.
რაც შეეხება სააკაშვილის ეტაპირებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის განცხადებულ მიზეზე, ბასილაია ამბობს, რომ სუსის განცხადება თავიდანვე იყო „თითიდან გამოწოვილი.“
„მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში დაუბრკოლებლად , ყოველგვარი ექსცესის გარეშე გადაიყვანეს თუ არა? გადაიყვანეს. ვინმემ შეუშალა ხელი? იყვნენ მოქალაქეები მობილიზებული? არა. ეს არის მითიური, ცრუ საქმე, საიმისოდ, რომ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა სასამართლოში გამოცხადების“, – ამბობს ბასილაია.
დღეს სასამართლო ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილავს. საქმე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვისთვის . სააკაშვილის გარდა, საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშიაც.