ხმაური და დაპირისპირება იყო ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე თბილისში.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 46 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი ადამიანები არიან.
პოლიცია ადგილიდან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჟურნალისტებმა დაკავების მიზეზი ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისფლება ამ გზით საპროტესტო მუხლის ჩაქრობას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
“პროტესტი ყველგან მივა, ყველგან გაიშლება, მთელი თბილისის მასშტაბით. ხედავთ, პოლიციის რამხელა მობილიზებაა, როგორ ეშინიათ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროა მნიშვნელოვანი. შიგნითაც არ აქვთ თანხმობა და კოორდინაცია. თამარ გაბუნიამაც კი აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო ცენტრი არ წარმოადგენს იმ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია იყოს ის პროფილი, რომელიც სააკაშვილს სჭირდება. პროტესტი ყველგან იქნება. ნამდვილად დიდი მოძრაობის დასაწყისია”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
აქციაზე მყოფი პირები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. აქციები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს: სუსის შენობასთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან.
შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე, შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.