საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტი ამოქმედდება.
მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
“პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. ასევე, იყო მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.